„ფერარის“ ხელმძღვანელობა მიხაელ შუმახერის ვაჟს მომავალ წელს ფორმულა 1-ში ელოდება
ფორმულა 1-ის იტალიური საჯინიბოს „ფერარის“ ხელმძღვანელი მატია ბინოტო იმედოვნებს, რომ ლეგენდარული მიხაელ შუმახერის 21 წლის ვაჟს მიკ შუმახერს მომავალი წლის სეზონში დებიუტი ექნება ფორმულა 1-ში.
გერმანელი პილოტი „ფერარის“ ახალგაზრდული პროგრამის წევრია. წლევანდელ სეზონს ის ფორმულა 2-ში ატარებს.
„მას ძალიან კარგი სეზონი აქვს ფორმულა 2-ში. მისი ამოცანაა – მიაღწიოს პროგრესს და ის ამას აკეთებს. ჩვენ მალე დავიწყებთ იმის განხილვას – რა გააკეთოს მომავალ წელს. ვფიქრობ, ლოგიკური ნაბიჯი იქნება – მუშაობა ფორმულა 1-ის რომელიმე პატარა გუნდთან, სადაც ის ყველაფერს ისწავლის და თანდათან გააგრძელებს წინსვლას“, – განაცხადა ბინოტომ „ბილდთან“ კომენტარში.
ფორმულა 2-ის ექვსი ეტაპის შემდეგ, უმცროსი შუმახერი მეხუთე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში.