ფერარიმ ბოლიდის ახალი გარეგნობა წარადგინა
ფერარიმ ბოლიდის ახალი გარეგნობა წარადგინა

აშშ-ის გრანპრის წინ, ოსტინის ავტოდრომზე „ფერარიმ“ სპეციალური პრეზენტაცია გამართა. იტალიურმა საჯინიბომ წარმოადგინა „ფერარის“ ბოლიდის ახალი გაფორმების ელემენტები, რომელსაც გუნდი უკვე იაპონიის გრან-პრიდან მოყოლებული გამოიყენებს.

SF71-H-ზე გაჩნდა ლოგო, რომელიც სიმბოლოა ახალი გლობალური კამპანიისა, რომელსაც „ვინოუ“ (Winnow) ჰქვია. ეს არის „ფერარისა“ და „ფილიპ მორის ინტერნეშენალის“ (Philip Morris International) ერთობლივი ინიციატივა.

თამბაქოს პროდუქციის გიგანტს არ შეუძლია თავისი ბრენდის პირდაპირ წარმოჩენა, რადგან მსგავსი პროდუქციის რეკლამაზე სერიოზული შეზღუდვებია დაწესებული. მაგრამ, ამ ორმა კომპანიამ გააერთიანა ძალისხმევა და შექმნა ახალი საერთო პროექტი, რომელიც ხაზს უსმავს „მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების როლს ნებისმიერი ინდუსტრიის მამოძრავებელ ძალის რანგში“.

„ფერარისა“ და „ფილიპ მორისის“ თანამშრომლობა უკვე 45 წელია გრძელდება, მიუხედავად ყველა იმ შეზღუდვებისა, რომელიც თამბაქოს პროდუქციის რეკლამას დაუწესეს.

Mission Winnow-ის ლოგოები დატანილი იქნება ბოლიდის ორ ადგილას, Halo-ზე და მრბოლელთა კომბინეზონებზე.