წელს, იტალიის ავტოსპორტი ორ მრგვალ თარიღს აღნიშნავს – 90 წელს „სკუდერია ფერარის“ დაარსებიდან და 90 წელი მონცაში იტალიის პირველი გრანპრის ჩატარებიდან. ამასთან დაკავშირებით, „ფერარიმ“ და იტალიის საავტომობილო კლუბმა ACI-მ ოთხ სექტემბერს, მილანში ამ იუბილესთან დაკავშირებული გამოფენის გამართვის შესახებ გამოაცხადეს.
მილანის მთავარ მოედანზე Piazza Duomo-ზე ორგანიზებული იქნება სხვადასხვა ეპოქის სარბოლო და საგზაო ავტომობილების გამოფენა. ამ მანქანების ნაწილი მონაწილეობას მიიღებს აღლუმში. ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ მაყურებელს შეეძლება იხილოს ტაციო ნუვოლარის Alfa Romeo 8C. ეს ის პილოტია, რომელმაც ენცო ფერარის გუნდს ისტორიაში პირველი გამარჯვება მოუტანა. გარდა ამისა, მოედანზე გამოფენილი იქნება 1940 წლის Auto Avio Costruzioni – პირველი მანქანა, რომელიც „ფერარიმ“ „ალფა რომეოსთან“ თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ შექმნა.
სხვა ექსპონატებს შორის იქნება – ნიკი ლაუდას Ferrari 312T, ჟილ ვილნევის Ferrari 126 CK, მიხაელ შუმახერის Ferrari F2002, აგრეთვე, Ferrari 488 GTE, რომელმაც წელს ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო და ბევრი სხვა.
იუბილეს აღნიშვნაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ „ფერარის“ ახალგაზრდული აკადემიის მრბოლელები – მიკ შუმახერი, კალუმ ილოტი, ჯულიანო ალეზი, რობერტ შვარცმანი და მარკუს არმსტრონგი. აქვე იქნებიან „ფერარის“ ამჟამინდელი პილოტები – სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი, აგრეთვე, გუნდის ხელმძღვანელი მატია ბინოტო.