იტალიის სერია A-ში ან ესპანეთის ლა ლიგაში, შესაძლოა, თურქულმა კლუბმა ითამაშოს.
თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში „ფენერბახჩემ“ გასვლაზე 3:2 დაამარცხა „ტრაბზონსპორი“, რის შემდეგაც მასპინძელი გუნდის ფანები მინდორზე შეცვივდნენ და „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელებს შეუტიეს, რომლებიც მოედნის ცენტრში ზეიმობდნენ გამარჯვებას. მოთამაშეებმა მოედანი პოლიციის დახმარებით დატოვეს. მოგვიანებით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა 12 დაკავებულის შესახებ.
რამდენიმე დღის შემდეგ „ფენერბახჩეს“ პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ 3 აპრილს გაიმართება კლუბის დირექტორთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განიხილავენ სხვადასხვა გადაწყვეტილებას ამ ინციდენტთან დაკავშირებით, მათ შორის თურქეთის სუპერლიგიდან გამოსვლაც მოიაზრება.
როგორც ტელეკომპანია BPT ჟურნალისტ ერთემ შენერზე დაყრდნობით წერს, კლუბის ხელმძღვანელობა განიხილავს ბელგიის, ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების ან საფრანგეთის ჩემპიონატში გადასვლის შესაძლებლობას.