ფელისიანო და მარკ ლოპესებს ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობა ბრალდებათ
ესპანური პრესა ეჭვობს, რომ ჩოგბურთელები ფელისიანო ლოპესი და მარკ ლოპესი ჩაწყობილ მატჩში იღებდნენ მონაწილეობას. პირველმა ამის შესახებ გამოცემა „კონფიდენსიალმა“ დაწერა. მისი ინფორმაციით, ყურადღების ცენტრში მოექცა შეხვედრა, რომელიც 2017 წელს, უიმბლდონის წყვილთა თანრიგში გაიმართა. პირველ წრეში ესპანელმა თანამოგვარეებმა 6:3, 6:7, 2:6, 4:6 წააგეს ავსტრალიელებთან – ჯონ-პატრიკ სმიტთან და მეტ რიდთან.
პოლიციას ხელთ ჩაუვარდა ჩანაწერი, რომელშიც ყოფილი ფეხბურთელი კარლოს არანდა არწმუნებს მეორე ადამიანს, რომ ფსონს ჩავიდეს სმიტისა და რიდის მოგებაზე, რადგან ლოპესები აუცილებლად წააგებენ. საგულისხმოა, რომ არანდა ეჭვმიტანილია ფეხბურთში ჩაწყობილი მატჩების ორგანიზებაში.
ფელისიანო ლოპესი, რომელიც ამ კვირას ლონდონის ტურნირზე ბრიტანელ ენდი მარეისთან ერთად ითამაშებს, ყველანაირ ბრალდებას უარყოფს.
„ჩვენ არაფერში ვართ დამნაშავენი. მათ არ აქვთ ჩვენი სახელების გასვრის უფლება“, – განაცხადა ლოპესმა AS-თან ინტერვიუში.