ფეხბურთში ისეთი მდგომარეობაა, სახელმწიფო კომისიის შექმნაა საჭირო - მერაბ ჟორდანიას ახალი ინიციატივა
მერაბ ჟორდანიას თქმით, ფეხბურთის განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის შექმნაა საჭირო – ამის შესახებ თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ილაპარაკა.
„ქვეყანაში რაღაც უსაშველო რომ ხდება, ყველა მინისტრის მონაწილეობით სახელმწიფო კომისია იკრიბება. ახლა ფეხბურთში სწორედ ასეთი მდგომარეობაა და ანალოგიური ნაბიჯებია საჭირო. თუ მიგვაჩნია, რომ ფეხბურთი უნდა გადარჩეს, საქმე თავად პრემიერმა უნდა ითავოს და სახელმწიფო კომისია ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შექმნას,“ – ამბობს მერაბ ჟორდანია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის აზრით, სხვაგვარი გამოსავალი არ არსებობს:
„იმდენად ფსკერამდე დავეშვით, ახლა დამოუკიდებლად მხოლოდ პროფესიული ლიგა რომ შეიქმნას და ფედერაციამ თავი მოიკლას, მაინც არაფერი გამოვა. მერე იქნება პატარა გამონათებები, როგორც წელს „ლოკომოტივი“ იყო, ღმერთმა ქნას და ახლა ბელარუსს მოვუგოთ და მოგვეჩვენება, რომ წინსვლაა. მაგრამ მერე ისევ იმ მდგომარეობას დავუბრუნდებით. ამიტომ ჯობია, სახელმწიფომ ეს საქმე ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გლობალურად ითავოს და გამოსავალი ნახოს. ამან ერთი ბიძგი რომ მოგვცეს, მერე იმედის ნიშნებიც გამოჩნდება“.
მისი თქმით, დიდი შეცდომა იყო, ფონდი „ქართუს“ წლებისწინადელ წინადადებაზე უარი რომ ითქვა.
„სახელმწიფომ ფეხბურთისთვის უამრავი საქმე გააკეთა, ფეხბურთის განვითარებაში უამრავი ფული დახარჯა. რამდენიმე დღის წინ დათო მუჯირს შევხვდი და ვუთხარი, დიდად არ მომწონს, კლუბებს ფულს რომ უხდიან-მეთქის. სხვანაირად ჩემპიონატსაც ვერ ჩავატარებდითო და მესმის – ესეც კარგია, მაგრამ, რაღაც სხვაც მოსაფიქრებელია. თავის დროზე, „ქართუ ფონდმა“ ფეხბურთის ფედერაციას 100 მილიონი შესთავაზა, ოღონდ, ვიცე-პრეზიდენტის სავარძელს გავაკონტროლებთო და უარი უთქვამთ. მე მაშინ საქართველოში აღარ ვიყავი და თქვენ უკეთ გეცოდინებათ. ესეც წინა ხელისუფლების დროს მოხდა. უარი თქვეს იმის ნაცვლად, რაც კი სახლში სავარძლები ჰქონდათ, („ქართუში“) იქით მოეტანათ,“ – აცახდებს ჟორდანია.