ფეხბურთის შვედი გულშემატკივრების ვანდალიზმი ესტონეთში
დაზიანებული ტუალეტები ტალინის „ლილეკიულას სტადიონზე, რომელზეც შვედეთის საფეხბურთო კლუბ „გეტებორგსა“ და ტალინის „ლევადიას“ შორის უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ჩატარდა. 2026 წლის 30 ივლისი
შვედეთის საფეხბურთო კლუბ „გეტებორგის“ესტონეთში ჩასულმა გულშემატკივრებმა ტალინში, „ლილეკიულას“ სტადიონზე, ინფრასტრუქტურა დააზიანეს, რის შემდეგაც ვანდალიზმი ქალაქის ცენტრშიც გააგრძელეს.
შვედური კლუბის ფანები ტალინში უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ, სადაც მათი გუნდი ადგილობრივ „ლევადიას“ უპირისპირდებოდა.
შვედური კლუბის დაახლოებით 2 000-კაციანმა გულშემატკივრებმა მათთვის გამოყოფილ ზონაში ორი საპირფარეშო დაარბიეს და სერიოზულად დააზიანეს – კარებები ანჯამებიდან მოგლიჯეს, ჭერის პანელები მოხსნეს, კედლები გრაფიტით მოხატეს, ტრიბუნებზე კი რამდენიმე სკამი დაამტვრიეს.
„მატერიალური ზარალი, ნებისმიერ შემთხვევაში, დიდია, თუმცა მისი ზუსტი ოდენობის შეფასება ჯერჯერობით, ჭირს“, – განაცხადა ესტონეთის ფეხბურთის ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, მარტი კალასმა.
მისი თქმით, ვანდალები განურჩევლად აზიანებდნენ ყველაფერს. მომხდართან დაკავშირებით ასოციაციამ პოლიციას მიმართა, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ, უეფა-ს დელეგატმა მიყენებული ზარალი აღწერა.
მატჩის მიმდინარეობისას, ჩრდილოეთ ტრიბუნაზე, „გეტებორგის“ ფან-ზონაში, შვედეთის პოლიციისა და საფეხბურთო კლუბის უსაფრთხოების თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც სტადიონის უსაფრთხოების მენეჯერთან ერთად დაათვალიერეს დაზიანებული ტერიტორია.
კალასმა აღნიშნა, რომ სტადიონებზე ვანდალიზმის შემთხვევების დროს, ხარჯებს, როგორც წესი, ის კლუბი ფარავს, რომლის ფანებმაც მატერიალური ზიანი გამოიწვიეს – მაშინაც კი, თუ პოლიცია კონკრეტული დამნაშავეების იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს.
მაყურებელთა სიმრავლის გათვალისწინებით, კალასის თქმით, თითოეული ინციდენტის გაკონტროლება რთული იყო. მან შვედეთის პოლიციის ქმედებები გაამართლა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ინციდენტები სრულიად მოულოდნელიც არ ყოფილა.
„სამართალდამცველებს შეცდომა არ დაუშვიათ, რადგან ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივართა მასაში, მატჩის მიმდინარეობისას, წესრიგის აღსადგენად არავინ შედის. შვედი სამართალდამცველების მთავარი მიზანი იყო, უზრუნველეყოთ, რომ „გეტებორგის“ ფანებს მათთვის გამოყოფილი ტერიტორია არ დაეტოვებინათ “, – აღნიშნა კალასმა.
გამოცემა „დელფის“ ცნობით, „გეტებორგის“ ფანებმა ვანდალური აქტები „ლილეკიულას“ სტადიონის მიმდებარე ქუჩებსა და ძველ ქალაქშიც ჩაიდინეს. მათ ჩაამტვრიეს ვიტრინები და დააზიანეს ქუჩის დეკორაციები, ხოლო აბრები, ფანჯრები და სხვა ადგილები სტიკერებით ააჭრელეს, რომლებზეც კლუბის ფერები და ლოგო იყო გამოსახული.
ორმატჩიან საფეხბურთო დუელში „გეტებორგმა“, ჯამში, 4:3 გაიმარჯვა. მან საკუთარ მოედანზე განცდილი ერთბურთიანი მარცხის შემდეგ რევანში აიღო და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.
შვედმა გულშემატკივრებმა მსგავი პრობლემები ახლო წარსულშიც შექმნეს. გასულ წელს, სტოკჰოლმის აიკ-ის (AIK) ფანებმა, „პაიდე ლინამეთსკონდთან“ მატჩის დროს, კადრიორგის სტადიონის სარბენი ბილიკი პიროტექნიკით დააზიანეს. შედეგად, უეფამ აიკ-ი 25 000 ევროთი დააჯარიმა, დამატებით 5 000 ევროს ოდენობის ჯარიმა კი სტადიონის დაზიანებისთვის დააკისრა, ამასთან გასვლით მატჩებზე მის ფანებს ერთმატჩიანი პირობითი დისკვალიფიკაცია დაუწესა.