ფეხბურთის, კალათბურთისა და ფორმულა 1-ის ვარსკვლავებმა მიხაელ შუმახერის პატივსაცემად საქველმოქმედო შეხვედრა გამართეს - უმცროსმა შუმახერმა ჰეთ-თრიკი შეასრულა #1TVSPORT
ფრანკფურტში უჩვეულო საფეხბურთო მატჩი გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობის ვარსკვლავები მინდორზე შეიკრიბნენ ყოველწლიური მატჩის ჩასატარებლად ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის პატივსაცემად.
ერთი გუნდის კაპიტანი „წითელი ბარონის“ ვაჟი მიკ შუმახერი გახდა, მეტოქე გუნდს კი NBA-ის ლეგენდა დირკ ნოვიცკი კაპიტნობდა, რომელმაც მეკარის ამპლუა მოირგო. მას ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მისი 11-მეტრიანი რენე ადლერმა მოიგერია.
მიკ შუმახერის გუნდს წარმოადგენდა ფონდი Keep Fighting Foundation, ნოვიცკი კი საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელით გამოდიოდა. საბოლოოდ, შეხვედრა უმცროსი შუმახერის გუნდმა 11:10 მოიგო, თავად მიკმა ჰეთ-თრიკი მიითვალა.
მატჩში ბევრი ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი თამაშობდა: მატს ჰუმელსი, ტიმო ვერნერი, კევინ ტრაპი, ლუკას პოდოლსკი, სამი ხედირა, სიმონ როლფესი, შტეფან კისლინგი, ასევე გერმანიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი ლაურა ფრაიგანგი.
მათ გარდა, მატჩში მონაწილეობდნენ ფორმულა 1-ის დირექტორი სტეფანო დომენიკალი, ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონი მიკა ჰაკინენი, ექს-პილოტი დევიდ კულტჰარდი და სხვები.