ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - მასობრიობაზე გათვლილ პროექტებს მომავალშიც განვახორციელებთ
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - მასობრიობაზე გათვლილ პროექტებს მომავალშიც განვახორციელებთ

საქართველოში 22 სექტემბერს დაწყებული მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება, რომელიც სფფ-ის ორგანიზებით და უეფა-ს მხარდაჭერით ტარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბექა ოშხრელთან და სფფ-ის თანამშრომლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. ერთ-ერთი ცაგერის საჯარო სკოლა იყო, სადაც პროგრამა „ფეხბურთი სკოლებშის“ ფარგლებში ბავშვებს სფფ-ის მიერ გადამზადებული პედაგოგი ავარჯიშებს.

პროგრამა „ფეხბურთი სკოლებში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. პირველ ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 1000-მდე სპორტის მასწავლებელი გადამზადდა.

სფფ-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საჩუქრად სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცეს და მათთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს.

„პროექტი „ფეხბურთი სკოლებში“ მასობრივი ფეხბურთის კვირეულის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა ცაგერის პირველ საჯარო სკოლაში ბავშვებს სფფ-ის პროგრამით გადამზადებული მწვრთნელი რომ ავარჯიშებს და საწვრთნელ პროცესში ბიჭებთან ერთად გოგონებიც მონაწილეობენ. სპორტში და კონკრეტულად ფეხბურთში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს“, – ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე.

დატოვე კომენტარი