ფეხბურთის ფედერაციის მორიგი პროექტი - დიდ დიღომში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნება #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის მორიგი პროექტი - დიდ დიღომში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნება #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ საფეხბურთო ცენტრს ამჯერად დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხსნის. საზეიმო ღონისძიება 24 ნოემბერს, 16:00 საათზეა დაგეგმილი.

საფეხბურთო ცენტრი, სფფ-ის დაფინანსებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაცემულ ტერიტორიაზე აშენდა. კომპლექსის მოვლა-პატრონობას სრულად ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფრიანი მოედანი, განათებით, ტრიბუნით, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით. ეს უკვე მეხუთე საფეხბურთო ცენტრია, რომელიც სფფ-მ ააშენა. მსგავსი საფეხბურთო ცენტრი უკვე თბილისის ოთხ უბანში — ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანსა და ვარკეთილში ფუნქციონირებს.

სფფ-ის ცნობით, გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ამავე დროს, საფეხბურთო ცენტრში ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების მოსწავლეების ღია ვარჯიში გაიმართება.