დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებელი ზურაბ პეტრიაშვილი - ეს მხოლოდ დიდი გამარჯვებების დასაწყისია #1TVSPORT
დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებელი ზურაბ პეტრიაშვილი - ეს მხოლოდ დიდი გამარჯვებების დასაწყისია #1TVSPORT

საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი ზურამ პეტრიაშვილი ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთთან გამარჯვებასა და საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას გამოეხმაურა.

„ვულოცავ მთელ საქართველოს. 1990 წლის 15 თებერვალს, როდესაც საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციას გამოვეყავით და ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო, სახლში დაბრუნებულს რატომღაც თვალწინ მედგა ჩვენი ფეხბურთის ბერმუხის, ბორის პაიჭაძის პესიმისტური განწყობა.

მას, ისევე როგორც მრავალ ვეტერან ფეხბურთელს, არ სჯეროდა, რომ ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლად წარმატებით განვითარდებოდა. იმ ღამეს ფიცი დავდე, რომ სწორედ მე ვახარებდი ბატონ ბორისს ქართული ფეხბურთის გამარჯვებას. დადგა ეს ნანატრი დღეც, 2024 წლის 26 მარტი – საქართელოს ნაკრები ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

ვულოცავ ბერმუხას და ქართული ფეხბურთის ყველა თაობის წარმომადგენლებს ამ დიდ გამარჯვებას, ფიცი შევასრულე. როგორ შემიძლია, არ მივულოცო დამოუკიდებლობის იდეისათვის მებრძოლ ყველა გულანთებულ პატრიოტს და, პირველ რიგში, ჩემს დიდ თანამოაზრეს, ალექსანდრე ჟღენტს, რომლისთვისაც ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობა ცხოვრების მიზანი იყო.

ქართველებო, ეს მხოლოდ დიდი გამარჯვებების დასაწყისია, უკვე მოვიდნენ რკინისმკვნეტელი ბიჭები – მამარდა, კვარა, ქოჩორა და ძმანი მათნი. ჩემი სურვილი ისევ ტრადიციულია – საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდება. ღმერთი იყოს ამ დიდ მიზანში ჩვენი მფარველი“, – წერს ზურაბ პეტრიაშვილი.