ფეხბურთის ფედერაცია ჩრდილოეთ მაკედონიელების დაგვიანებას კატეგორიულად უარყოფს - დელეგაციას ახლდა პოლიციის ესკორტი, გზაც გაუთავისუფლეს და მათი ვარჯიში წამითაც არ დაგვიანებულა #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაცია ჩრდილოეთ მაკედონიელების დაგვიანებას კატეგორიულად უარყოფს - დელეგაციას ახლდა პოლიციის ესკორტი, გზაც გაუთავისუფლეს და მათი ვარჯიში წამითაც არ დაგვიანებულა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად უარყოფს ჩრდილოეთ მაკედონიურ მედიაში გავრცელებულ ცნობას, თითქოს მათი ქვეყნის ნაკრების დელეგაციამ „დინამო არენაზე“ დაგეგმილ ვარჯიშზე დაიგვიანა.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა „სპორტმედიას“ ჟურნალისტი ოგნენ დოიჩინოვსკიმ შეურაცხმყოფელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ვარჯიშზე გუნდი 45 წუთით შეგნებულად დააგვიანეს.

„რეალურად რა ხდება ავტობუსებთან დაკავშირებით თბილისში, უფრო ზუსტად საქართველოში. როგორ შეიძლება გუნდმა ვარჯიშზე 45 წუთი დააგვიანოს? მართლაც გაუგებარია. ნუთუ არაა უეფა-ს მოთხოვნით გათვალისწინებული პოლიციის ესკორტი და დელეგაციის ავტობუსს გზას არ უთავისუფლებენ? თბილისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მთელი ეს საქმე „სოფლის კოოპერატივს“ ემსგავსება“, – წერდა გამოცემა.

„ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციას ახლდა პოლიციის ესკორტი და გზაც ისე გაუთავისუფლეს, როგორც ამას უეფა-ს პროტოკოლი ითვალისწინებს. ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაცია სტადიონზე დროზე მივიდა, მათი ვარჯიში კი წამითაც არ დაგვიანებულა“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს ფეხბურთის ფედერაციაში.