ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილმა ტრავმის შემდეგ „სენტ-ეტიენში“ ითამაშა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენმა“ „ბულონს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
„ბულონი“ მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაწინაურდა, 26-ე წუთზე „სენტ-ეტიენი“ 10 ფეხბურთელით დარჩა და ამან მეტოქეს სასურველი შედეგის მიღწევა გაუადვილა.
ტრავმის შემდეგ „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში დაბრუნდა ზურიკო დავითაშვილი, რომელიც თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, რამდენჯერმე სცადა შეტევის გამწვავება, მაგრამ მის აქტიურობას შედეგი არ მოჰყოლია.
„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო და სატურნირო მდგომარეობა გაირთულა – 21 ტურის შემდეგ გუნდს 34 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა.
მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანმა თანამდებობა დატოვა. ნორვეგიელი სპეცაილისტის გათავისუფლება ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, „სენტ-ეტიენს“ 61 წლის გამოცდილი ფილიპ მონტანიე გაწვრთნის, ვისაც საფრანგეთში „ბულონში“, „ვალანსიენში“, „ლანსში“, „ტულუზში“, „რენსა“ და „კლერმონში“ უმუშავია, საზღვარგარეთ კი „რეალ სოსიედადს“, „ნოტინგემსა“ და „სტანდარდს“ წვრთნიდა – იგი მუშაობას 2 თებერვლიდან შეუდგება.