ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილი ზამთარში „სენტ-ეტიენს“ არ დატოვებს #1TVSPORT
ფეხბურთი | ზურიკო დავითაშვილი ზამთარში „სენტ-ეტიენს“ არ დატოვებს #1TVSPORT

„სენტ-ეტიენის“ ლიდერებს, ლუკას სტასინსა და ზურიკო დავითაშვილს გუნდში დარჩენა სურთ, – ექსკლუზიურ ინფორმაციას გამოცემა Le10sport-ის მთავარი რედაქტორი ალექსის ბერნარი ავრცელებს.

„ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში „სენტ-ეტიენში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო მოსალოდნელი, თუმცა, არსებული ინტერესის მიუხედავად, ლუკას სტასინმა და ზურიკო დავითაშვილმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობეს, რომ გუნდის დატოვება არ სურთ.

ლიგა 2-ში მესამე ადგილზე მყოფმა „სენტ-ეტიენმა“ ლიდერობა დაკარგა და ამჟამად „ტრუას“ შვიდი ქულით ჩამორჩება. ასეთ ვითარებაში შესაძლებელი იყო, კლუბიდან სტასინი და დავითაშვილი წასულიყვნენ. ბელგიელმა ფეხბურთელმა და მისმა ოჯახმა „სენტ-ეტიენს“ განუცხადეს, რომ სეზონის შუაში კლუბის შეცვლა არ სურთ. მისი მომავალი კი გაზაფხულზე განიხილება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში დარჩება.

დავითაშვილის მიმართაც ევროპის სხვადასხვა კლუბი ინტერესს იჩენდა, თუმცა, სტასინის მსგავსად, ქართველმა „სენტ-ეტიენს“ აცნობა, რომ ზამთარში წასვლით დაინტერესებული არ არის. ლიგა 2-ში 16 მატჩში გატანილი 8 გოლის შემდეგ ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ჯობს სეზონის ბოლომდე „სენტ-ეტიენში“ ითამაშოს, ხოლო „ბენფიკას“, „ლილისა“ და „მონაკოს“ წინადადებებს მომდევნო თვეებში განიხილავს“, – წერს ალექსის ბერნარი.