ფეხბურთი | „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელმა მსაჯები გააკრიტიკა - დავითაშვილის ტრავმის დროს ჯარიმაც კი არ დანიშნეს #1TVSPORT
„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპ მონტანიემ ტრავმირებული ზურიკო დავითაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და „ტრუასთან“ მატჩის არბიტრი გააკრიტიკა.
„სენტ-ეტიენისთვის“ ლიგა 2-ის ბოლო ტურის შეხვედრა კონკურენტ „ტრუასთან“ ცუდად დასრულდა. „სტად ჟოფრუა-გიშარზე“ ქართველის გუნდი 0:3 დამარცხდა. ლიდერთან წაგების გარდა, „მწვანეებმა“ ტრავმების გამო მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაკარგეს, მათ შორის დავითაშვილი.
„ზურიკო დავითაშვილი იძულებული გახდა, „ტრუასთან“ მატჩის მე-15 წუთზე მოედანი დაეტოვებინა. ტრავმის გამო ასევე ჟულიენ კარდინალი და ჩიკო ლამბა გამოგვაკლდნენ, მდგომარეობა მართლაც სავალალოა.
წარმოუდგენელი რამ მოხდა – დავითაშვილმა ასეთი ტრავმა მიიღო, მაგრამ არბიტრმა ჯარიმაც არ დანიშნა. რა თქმა უნდა, წაგებას მსაჯებს არ ვაბრალებ, მაგრამ არ მომწონს, როდესაც ასეთი დარღვევების დროს არასათანადოდ რეაგირებენ.
დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ კვირაში ექიმები შეაფასებენ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან სეზონის ბოლომდე მნიშვნელოვანი მატჩები დაგვრჩა და საუკეთესო მოთამაშეები გვჭირდება“.