ფეხბურთი | საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის პირველ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელს დაუპირისპირდა – შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დაცვის ცენტრში ორი დებიუტანტი ათამაშა – ლუკა გადრანი და ილია ბერიაშვილი. სიახლე იყო ნახევარდაცვაშიც – ტრავმირებული გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნაში ფრანგმა სპეციალისტმა მესამე ახალწვეული, გიზი მამაგეიშვილი გამოსცადა.
მატჩის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას 2025 წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა.
პირველი რეალური საგოლე მომენტი „ჯვაროსნებმა“ 31-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ისრაელის ნაკრების მეკარე შეცდა, გადაცემა კიტეიშვილმა ჩაჭრა, კარში კი მიქაუტაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა და სტუმრები გოლს გადაარჩინა.

36-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის მცველებს გასცდა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
54-ე წუთზე კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა – მცველები ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა – 2:0.
ორბურთიანი უპირატესობა „ჯვაროსნებმა“ მალე გაანიავეს. 61-ე წუთზე ანგარიში გაი მიზრაჰიმ შეამცირა, ხოლო ომრი განდელმანმა სამ წუთში წონასწორობა აღადგინა. ორივე ეპიზოდში საქართველოს ნაკრების დაცვა ჩავარდა.
მარტის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს 29 მარტს გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი კაუნასში ლიეტუვის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.