ფეხბურთი | ლონდონის „ჩელსი“ 10.75 მილიონი ფუნტით დაჯარიმდა და პირობითი სატრანსფერო აკრძალვა დაუწესდა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ 10.75 მილიონი ფუნტით დაჯარიმდა და პირობითი სატრანსფერო აკრძალვა დაუწესდა ინგლისის პრემიერლიგის წესების დამრღვევი საიდუმლო გადახდების გამო, – ინფორმაციას „სკაი სპორტსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პრემიერლიგა იძიებდა საიდუმლო გადახდებს, რომლებსაც „ჩელსი“ 2011-დან 2018 წლამდე პერიოდში ახორციელებდა, როდესაც ლონდონურ კლუბს რომან აბრამოვიჩი ფლობდა. აღნიშნული ტრანზაქციები 2022 წელს გამოაშკარავდა, როდესაც ახალმა მფლობელებმა კლუბის შეძენისას ფინანსური აუდიტის პროცესი ჩაატარეს.
იდენტიფიცირებულია ტრანსფერებთან დაკავშირებული, მინიმუმ, ექვსი საეჭვო გადარიცხვა ოფშორულ კომპანიებში. ეს შვიდნიშნა თანხები არ ფიქსირდებოდა იმ ანგარიშებში, რომლებსაც კლუბი იმ დროს საფეხბურთო ორგანოებს წარუდგენდა.
შესაბამისი ორგანოების მიერ „ჩელსისთვის“ დაწესებული ერთწლიანი სატრანსფერო აკრძალვა ორწლიანი გამოსაცდელი ვადით პირობითად არის შეჩერებული. ლონდონელებს დამატებით ცხრათვიანი სატრანსფერო აკრძალვა აკადემიის დონეზეც შეეხოთ.