ფეხბურთი | გიორგი ყიფიანმა თბილისის „ლოკომოტივის“ პრეზიდენტის პოსტი დატოვა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი ყიფიანმა თბილისის „ლოკომოტივის“ პრეზიდენტის პოსტი დატოვა #1TVSPORT

გიორგი ყიფიანმა თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა – ის შარშანდელი ზაფხულიდან პრეზიდენტიც იყო და გუნდს 11-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დაემშვიდობა.

„დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. მივიღე გადაწყვეტილება რომ „ლოკომოტივი“ დავტოვო. იმდენია სათქმელი და მოსაყოლი, რომ მიჭირს საწყისი წერტილის პოვნა. 11 წელი ნამდვილად არ არის ცოტა. ზოგადად, ფეხბურთს აქვს იმის უნარი, რომ არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავდეს.

ბევრჯერ მიფიქრია — რას შევცვლიდი წარსულიდან? რას გავაკეთებდი სხვანაირად? იდეაში — არაფერს. ყველა ის პროცესი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გავიარე, ძალიან ფასეული გამოცდილებაა. თუ ამ გამოცდილებას შანსი აქვს, რომ რაღაც კარგსა და საინტერესოში კონვერტირდეს, ეს, წესით, მომავალში უნდა მოხდეს. სხვათა შორის, ამის იმედი ნამდვილად მაქვს.

ბანალურად ჟღერს, მაგრამ მარტივი და ნაღდი ფორმულაა — ადამიანები კარგი და ცუდი გამოცდილებებით ვსწავლობთ ცხოვრებას, საქმეს, ქცევას და კიდევ ბევრ რამეს. ამ მოცემულობაში ჩემთვის სამი ძირითადი რამ არის მთავარი: პირველი — ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რაც „ლოკომოტივისთვის“ გავაკეთე; მეორე — ბედნიერი ვარ იმით, რაც „ლოკომოტივმა“ ჩემთვის გააკეთა; მესამე — „ლოკომოტივი“ ყოველთვის იდგა სწორ მხარეს, აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას და ღიად საუბრობდა იმ ღირებულებებზე, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა შენდებოდეს. ვამაყობ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ.

დიდი მადლობა ლექსო თოფურიას უწყვეტი და უსაზღვრო მხარდაჭერისთვის, რომელმაც მომიყვანა ამ წერტილამდე — ცხოვრებაში და კარიერაში. დიდი მადლობა დათუნა ყიფიანს (ყოფილი გენერალური დირექტორი), რომ ბოლომდე ჩემს გვერდით იდგა და არასდროს მიმატოვა. დღეიდან ის იქნება „ლოკომოტივის“ საჭესთან — ღირსეულად და დამსახურებულად. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში გულშემატკივრობდა ჩვენს კლუბს და გულწრფელი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში“, – წერს გიორგი ყიფიანი.