ფეხბურთი | გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „ასტონ ვილას“ სძლია, ზურიკო დავითაშვილმა სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგაში „ასტონ ვილას“ შეხვდა და ზედიზედ წაგებული ოთხი მატჩის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.
ინგლისური ფეხბურთის გრანდის კარს კვლავ ქართველი მეკარე იცავდა, რომელმაც შეხვედრის მანძილზე მეტოქის მიერ დარტყმული ბურთი სამჯერ მოიგერია და ანალიტიკური გვერდებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
„ასტონ ვილას“ კარში გოლები მოჰამედ სალაჰმა და რაიან გრავენბერხმა გაიტანეს. ამჟამად „ლივერპულს“ 18 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.
მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა ზურიკო დავითაშვილმა, რომლის გუნდიც, „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ის გასვლით შეხვედრაში „რედ სტართან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმრებმა პირველი ტაიმი 0:2 დათმეს, ხოლო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თავი მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე გამოიჩინა, მან გოლი ჯარიმიდან გაიტანა.
13 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 23 ქულა აქვს, ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ლიდერ „ტრუას“ ოთხი ქულით ჩამორჩება.