ფეხბურთი | ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - ეს გუნდი ჩემთვის არასდროს ყოფილა ბიზნესი, პრესკონფერენციაზე ყველაფერს ავხსნი #1TVSPORT
ფეხბურთი | ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - ეს გუნდი ჩემთვის არასდროს ყოფილა ბიზნესი, პრესკონფერენციაზე ყველაფერს ავხსნი #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გუნდში მიმდინარე პროცესებზე პირველი კომენტარი პირველ არხთან გააკეთა.

Geo Team-ის ინფორმაციით, 2026 წლიდან ბათუმის „დინამოს“ ახალი მფლობელი ეყოლება. Sport Hub-ის ცნობით, გუნდის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის ნაცვლად, კლუბში მისვლას თემურ მიქელაძე გეგმავს, რომელიც მნიშვნელოვან ინვესტიციასაც აპირებს. ამ ეტაპზე კი გუნდის გადაფორმების პროცესი მიმდინარეობს.

„„ბათუმის „დინამოს“ გარშემო ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაა. არ მინდა, ყველა ბათუმელის, აჭარელისა და მთელი საქართველოს საყვარელი გუნდი რაიმე სახით სპეკულაციის ობიექტი გახდეს. უახლოეს პერიოდში პრესკონფერენციას გავმართავ და ყველაფერს დეტალურად ავხსნი.

მთავარი მინდა იცოდეთ – ბათუმის „დინამო“ ჩემთვის არასდროს ყოფილა ბიზნესი. ეს იყო ჩემი ვალდებულება ბათუმელების, ფეხბურთის ფედერაციისა და ხელისუფლების წინაშე, რომელმაც გუნდი გარკვეული პირობებით გადმომცა.

ამის შემდეგ წარმოუდგენელი რამ გაკეთდა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სპორტული თვალსაზრისით. მე კი ყოველთვის ქართული ფეხბურთისა და ბათუმის „დინამოს“ მიმართ სიყვარული და წინსვლის სურვილი მამოძრავებდა“, – განაცხადა პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.

ბათუმის „დინამო“ 2017 წელს ჯონი ბაკურიძისა და არჩილ ბერიძის მფლობელობაში გადავიდა. ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში (2019-2023) გუნდი ქვეყნის საუკეთესო კლუბად ჩამოყალიბდა და არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოიპოვა – ბათუმის „დინამო“ ორჯერ გახდა ეროვნული ლიგის ჩემპიონი, სამჯერ – ვიცე-ჩემპიონი და ერთხელ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული. ამასთან, კლუბმა მაყურებელთა დასწრების კუთხით ბოლო ათწლეულის რეკორდებიც დაამყარა.