ფეხბურთელების პროფკავშირმა ფიფას შეუტია #1TVSPORT
ფეხბურთელების პროფკავშირმა ფიფას შეუტია #1TVSPORT

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (FIFPro) კრიტიკით გამოვიდა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) წინააღმდეგ და ის ფეხბურთელების ექსპლუატაციაში დაადანაშაულა, აგრეთვე იმაში, რომ ფიფა გადატვირთული კალენდრისგან მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს მოთამაშეთა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე მაღლა აყენებს.

აი, ძირითადი თეზისები FIFPro-ს განცხადებიდან:

* ფეხბურთელებს განიხილავენ როგორც ამოუწურავ რესურსს და არა როგორც ადამიანებს. ისინი, ვინც ძალიან ბევრს თამაშობენ, საკუთარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობით რისკავენ.

* მთელი ამ წლის განმავლობაში იყო ლაპარაკი კალენდრის რეფორმაზე ფეხბურთელთა ჯანმრთელობის დაცვისთვისა და დასვენებისთვის. იყო უფრო ადამიანური და რაციონალური ფეხბურთის დაპირება, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა.

* მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი შეიქმნა შემოსავლების მაქსიმალიზიაციისთვის, მაგრამ არ გაითვალისწინეს ფეხბურთელების ან გულშემატკივრების მძიმე მდგომარეობა. არ ყოფილა დაგეგმვა, პროფილაქტიკა, პატივისცემა. იყო მხოლოდ ეკონომიკური მოგებით შეპყრობილი ორგანიზაცია.

* ფიფა აგრძელებს ქედმაღლურად მოქმედებას, არ უსმენს არავის, არ აწარმოებს დიალოგს, არ ატარებს კონსულტაციებს. იმის ნაცვლად, რომ გახსნას ახალი შესაძლებლობები საფეხბურთო ინდუსტრიის ყველა სექტორის მონაწილეობისთვის, ის ირჩევს დისკრიმინაციას და გამორიცხვას.