„ფეისბუქმა“ თავის პლატფორმაზე შეზღუდვა დონალდ ტრამპს კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივა
„ფეისბუქმა“ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თავის პლატფორმაზე შეზღუდვა 2023 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ფეისბუქის“ დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო საბჭომ არ შეცვალა იანვარში მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც დონალდ ტრამპს, 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის მიტანაში და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდა.
„ფეისბუქის“ განცხადებით, შეზღუდვა იანვრის თარიღით შევა ძალაში და საზოგადოებრივი საფრთხის რისკის შემცირების შემთხვევაში მოიხსნება. რისკის შემცირების შეფასების შესახებ კი, შესაბამის ექსპერტებთან ერთად იმსჯელებენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გარემოებების სერიოზულობიდან გამომდინარე, ტრამპის ქმედებები სოციალური მედიის წესებს ეწინააღმდეგება, რომლიც ახალი სამართლებრივი პროტოკოლის მიხედვით უმაღლეს სასჯელს იმსახურებს.
თავად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ფეისბუქის“ გადაწყვეტილება შეურაცხყოფას აყენებს 75 მილიონ ადამიანს და კიდევ ბევრ სხვას, რომლებმაც 2020 წლის, მისი თქმით, გაყალბებულ არჩევნებში მას მისცეს ხმა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, 2022 წლის შუალედურ არჩევნების პერიოდში დონალდ ტრამპი მოკლებული იქნება სოციალური მედიით სარგებლობის უფლებას, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ კონგრესში ადგილების მოსაპოვებლად იბრძოლებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, „ფეისბუქი“ კრიტიკის ობიექტი გახდა „რესპუბლიკელი“ კანონმდებლებისა და სიტყვის თავისუფლების დამცველებისგან, რომლებიც დონალდ ტრამპისთვის სოციალური ქსელის მოხმარებაზე შეზღუდვას ცენზურად მიიჩნევენ.
გარდა „ფეისბუქისა“, დონალდ ტრამპს თავისი პლატფორმით სარგებლობა „ტვიტერმა“, „ალფაბეთმა“ და „იუთუბმაც“ შეუზღუდეს.