„ფეისბუქმა“ ჟაირ ბოლსონაროსთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები გააუქმა
„ფეისბუქმა“ ჟაირ ბოლსონაროსთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები გააუქმა

სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო, ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს სავარაუდო გარემოცვასთან დაკავშირებული ანგარიშები გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

საუბარია 35 ანგარიშზე, 14 გვერდსა და ერთ ჯგუფზე „ფეისბუქში“, ასევე 38 ანგარიშზე „ინსტაგრამზე“.

აღსანიშნავია, რომ ჟაირ ბოლსონაროსთან დაკავშირებული ყალბი გაუქმებული ანგარიშების საერთო გამომწერთა რიცხვი „ფეისბუქზე“ 883 ათასს აღემატებოდა. ამასთან, მილიონამდე გამომწერი ჰყავდა „ინსტაგრამზე“ რეგისტრირებულ ანგარიშებს.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, აღნიშნული გვერდები საინფორმაციო მედიასაშუალებებად იყვნენ შენიღბული და ადგილობრივი პოლიტიკის შესახებ მცდარ სიახლეებს ავრცელებდნენ, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და მედიას. ასევე, აღნიშნულ გვერდებზე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა კორონავირუსის პანდემიის თემას.