„ფეისბუქის“ თანადამფუძნებელი კრის ჰიუზი - მარკი კარგი ადამიანია, მაგრამ ვბრაზობ, რომ ზრდაზე მისმა ფოკუსირებამ, „ფეისბუქის“ უსაფრთხოება მსხვერპლად შეიწირა
„ფეისბუქის“ თანადამფუძნებელი კრის ჰიუზი - მარკი კარგი ადამიანია, მაგრამ ვბრაზობ, რომ ზრდაზე მისმა ფოკუსირებამ, „ფეისბუქის“ უსაფრთხოება მსხვერპლად შეიწირა

დროა „ფეიბუქი“ დაინგრეს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ფეისბუქის“ თანადამფუძნებელი კრის ჰიუზი, გამოცემაში „ნიუ იორკ თაიმსი“. ჰიუზის თქმით, მარკ ცუკერბერგი იგივე ადამიანია, რაც „ფეისბუქის“ დაფუძნებამდე იყო, თუმცა სწორედ მისი ადამიანურობა ქმნის მის უკონტროლო ძალაუფლებას პრობლემატურს.

„ბოლოს მარკი 2017 წლის ზაფხულში ვნახე, „კემბრიჯ ანალიტიკას“ სკანდალამდე რამდენიმე თვით ადრე. მას შემდეგ მარკ ცუკერბერგის და „ფეისბუქის“ ავტორიტეტი შემცირდა. კომპანიის შეცდომები – კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის არასისტემური პრაქტიკა, რის შედეგადაც მილიონობით მომხმარებლების მონაცემები პოლიტიკური საკონსულტაციო ფირმების ხელშია, ნელი პასუხი რუსი აგენტების მიმართ, ძალადობრივი რიტორიკა და ყალბი ამბები, შეუზღუდავი მისწრაფება, რომ დაიპყროს ჩვენი კიდევ უფრო მეტი დრო და ყურადღება – პრესის სტატიების სათაურებში დომინირებს.

15 წელი გავიდა, რაც ჰარვარდში „ფეისბუქის“ თანადამფუძნებელი გავხდი და ათი წელია კომპანიაში არ მიმუშავია, მაგრამ მე რისხვის და პასუხისმგებლობის განცდას ვგრძნობ“, – წერს კრის ჰიუზი.

„ფეისბუქის“ თანადამფუძნებლის განცხადებით, მარკის გავლენა გასაოცარია და ცდება ნებისმიერი ადამიანის გავლენას, რომელიც კერძო სექტორში ან მთავრობაშია.

„ის სამ მთავარ საკომუნიკაციო პლატფორმას „ფეისბუქს“, „ინსტაგრამს“ და „ვოთსაფს“ აკონტროლებს, რომელსაც ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს. „ფეისბუქის“ საბჭო მუშაობს უფრო დამკვირვებლად, ვიდრე მაკონტროლებლად, რადგან ხმების განაწილების 60 პროცენტს მარკი აკონტროლებს და შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს, თუ როგორი კონფიგურაცია ექნება „ფეისბუქის“ ალგორითმს, რითაც განისაზღვრება, რას ხედავს ხალხი სიახლეების ველში ან რომელი შეტყობინება უნდა გაიგზავნოს. მარკი კარგი ადამიანია, მაგრამ ვბრაზობ, რომ მისმა ფოკუსირებამ ზრდაზე მსხვერპლად შეიწირა უსაფრთხოება და თავაზიანობა. იმედგაცრუებული ვარ, რომ „ფეისბუქის“ გუნდი მეტს არ ფიქრობს, თუ როგორ შეუძლია სიახლეების ალგორითმს ჩვენი კულტურის შეცვლა, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა ან ნაციონალისტი ლიდერების გაძლიერება. ვწუხვარ, რომ მარკის ირგვლივ არის გუნდი, რომელიც მის რწმენას აძლიერებს, ნაცვლად იმისა, რომ გამოწვევებს უზრუნველყოფდნენ“, – ამბობს „ფეისბუქის“ თანადამფუძნებელი სტატიაში.

კრის ჰიუზი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მარკ ცუკერბერგი ანგარიშვალდებული უნდა გახადოს, რადგან მისი ძალაუფლება უპრეცედენტო და არაამერიკულია.

„ამერიკა დაეფუძნა იდეას, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ადამიანის ხელში არ უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ დამფუძნებლებმა შექმნეს შემოწმების და ბალანსირების სისტემა. ჯეფერსონი და მედისონი ადამ სმიტის აქტიური მკითხველები იყვნენ, ვისაც სჯეროდა, რომ მონოპოლია ხელს უშლის კონკურენციას, რომელიც ინოვაციის სტიმულირებას ახდენს და ეკონომიკურ ზრდას იწვევს“, – აცხადებს კრის ჰიუზი.