„ფეისბუქი“ თავისი პლატფორმიდან ამოიღებს ნებისმიერ მასალას, რომელიც დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს შორის პოპულარულ ფრაზას „შეაჩერე ქურდობა“ შეიცავს
„ფეისბუქი“ თავისი პლატფორმიდან ამოიღებს ყველა სახის მასალას, რომელიც ფრაზას „შეაჩერე ქურდობა“ შეიცავს. ეს არის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებში პოპულარული ფრაზა, რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებენ.
„ფეისბუქმა“ გასული წლის ნოემბერში ჯგუფი, სახელწოდებით „შეაჩერე ქურდობა“, ასევე მასთან დაკავშირებული სხვა ჯგუფები და გვერდები წაშალა.
ამჟამად კომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ კვირას აშშ-ის კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის შემდეგ მიიღო.
„აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ ღონისძიებების ორგანიზების მცდელობების გამო, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ძალადობა და ამ ტერმინის გამოყენება ოთხშაბათის ძალადობაში მონაწილე პირების მიერ, ჩვენ დამატებით ნაბიჯს ვდგამთ ინაუგურაციამდე“, – ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში.
კომპანიამ განაცხადა, რომ ასევე შენარჩუნდება პაუზა აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ რეკლამებზეც.