„ფეისბუქი“ „ლაივის“ გამოყენებას შეზღუდავს
„ფეისბუქი“ „ლაივის“ გამოყენებას შეზღუდავს

სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ „ლაივის“ გამოყენებას შეზღუდავს.

როგორც სოციალური ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ნაბიჯი ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში თავდასხმებს უკავშირდება, რომელიც ბოროტმოქმედმა „ფეისბუქის ლაივით“ აჩვენა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ლაივის“ ფუნქციის გამოყენება შეეზღუდებათ მომხმარებლებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ დარღვეული სოციალურ ქსელში ქცევის წესები.

პირველ ეტაპზე ამ მომხმარებლებს „ფეისბუქის“ „ლაივის“ ფუნქციის გამოყენება მხოლოდ დროებით არ შეეძლებათ. ამასთან, რა ვადით იმოქმედებს შეზღუდვა და რა კონკრეტული ქმედებებისთვის შეიძლება დაეკისროს მომხმარებელს აღნიშნული სანქცია, უცნობია.

სოციალური ქსელის მესვეურების თქმით, უახლოეს ხანში ქცევის კოდექსის დამრღვევი პირებისთვის ანალოგიური შეზღუდვები დაწესდება „ფეისბუქში“ რეკლამის განთავსებაზეც.

ამასთან, „ფეისბუქი“ დააფინანსებს სამ კვლევას, რომელთა მიზანი იმ მედიასაშუალებების გამოვლენა იქნება, რომლებიც სოციალურ ქსელებს მანიპულაციებისთვის იყენებენ.

„ფეისბუქის“ გადაწყვეტილებას ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი მიესალმა.

მისი თქმით, ეს არის პირველი დადებითი ნაბიჯი, რომელიც ტერორისტებს აპლიკაციასთან წვდომას შეუზღუდავს.

დღეს ჯასინდა არდერნი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის მთავარი თემა ინტერნეტში ძალადობრივი მასალის გავრცელებასთან ბრძოლაა.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ „ფეისბუქის“, „გუგლის“, „ტვიტერის“ და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები.