„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტიაგო მოტამ ცხადად მიანიშნა, რომ ამ სეზონში არ აპირებს ფედერიკო კიეზაზე აქცენტის გაკეთებას.
როგორც Gazzetta dello Sport-ი წერს, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კიეზა უკვე ჩამოაშორეს „იუვენტუსის“ პირველ გუნდთან ვარჯიშებს. ამ მომენტისთვის გარემარბი გუნდისგან განცალკევებით ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
კიეზას მოქმედი კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში და კლუბი ინტენსიურად ეძებს პოტენციურ მყიდველებს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ კიეზას მიმართ ინტერესს იჩენდა „ბარსელონა“, მაგრამ რამდენიმე დღის წინ კატალონურმა პრესამ დაწერა, რომ იტალიელი აღარ აინტერესებს ჰანსი ფლიკის გუნდს.
გასულ სეზონში კიეზამ 33 მატჩი ჩაატარა სერია A-ში, ცხრა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.