Fdi Intelligence-ის რეიტინგი - ევროპის მომავლის ქალაქების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილზეა
Fdi Intelligence-ის რეიტინგი - ევროპის მომავლის ქალაქების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილზეა

ცნობილმა გამოცემა Fdi Intelligence -მა, რომელიც ინვესტიციებისა და ეკონომიკის განვითარების სფეროში მუშაობს, „ევროპის მომავლის ქალაქებისა და რეგიონების“ 2020/21 წლების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, „ევროპის მომავლის მნიშვნელოვანი ქალაქების“ სიაში პირველ ადგილზე თბილისი მოხვდა.

საქართველოს დედაქალაქი ხარჯთეფექტურობით ლიდერობს. ამავე კატეგორიაში საუკეთესო ხუთეულშია მინსკი, სოფია, ბუქარესტი, და კიევი. აღსანიშნავია, რომ ამავე ნომინაციაში მეექვსეა ბუდაპეშტი, მეშვიდეა პრაღა, მერვე ანკარა, ხოლო ვარშავა მეათეა. ამასთან ერთად თბილისი მესამე ადგილზეა „ევროპის მომავლის მცირე რეგიონების“ რეიტინგშიც. ამ შემთხვევაში თბილის ხარჯთეფექტურობის კატეგორიაში პირველ სამეულშია. თბილისთან ერთად ხუთეულში არის რუსეს ოლქი ბულგარეთში, სკოპიეს რეგიონი მაკედონიაში და ბურგასი ბულგარეთში. ევროპის მომავლის მნიშვნელოვანი ქალაქების საუკეთესო ნომინანტებს შორის სხვა კატეგორიებში არიან ასევე ისეთი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, პარიზი, ვარშავა, მადრიდი, ამსტერდამი და დუბლინი.

რეიტინგის შედგენისას ავტორებმა ევროპის მასშტაბით 505 ლოკაცია შეისწავლეს. შეფასება ხუთ კატეგორიას მოიცავს. ესენია: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი და ცხოვრების წესი, ხარჯთეფექტურობა, დაკავშირებულობა და ხელსაყრელი ბიზნესგარემო.