ფარმაცევტული საწარმოების და სადისტრიბუციო ქსელის ინსპექტირება სავალდებულო იქნება 
ფარმაცევტული საწარმოების და სადისტრიბუციო ქსელის ინსპექტირება სავალდებულო იქნება 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვას იწყებს.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, GMP/GDP სტანდარტები ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას უზრუნველყოფს.

GMP/GDP სტანდარტების დანერგვის სტრატეგია, რომელიც შემოთავაზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მათ შორის, პირველი  GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბებაა.

ინსპექტორატის შექმნის მიზნით, 2018 წლის 10 მარტამდე ჯანდაცვის სამინისტრო  ინსპექტორთა კანდიდატებს შეარჩევს. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები განსაზღვრულია ევროდირექტივის შესაბამისად (პროფესიული ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უცხო ენის ცოდნა) და განთავსდება ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებ-გვერდზე. სწორედ მათ დაქვემდებარებაშიც მოექცევა ინსპექტორატი.

გარდა ამისა, ინფორმაცია შერჩევის შესახებ განთავსდება ვებ-გვერდზე WWW.JOBS.GE. კონკურსანტებიდან სააგენტო 8 კანდიდატს შეარჩევს, რომლებიც საზღვარგარეთ სპეციალურ გადამზადებას გაივლიან. კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან კურსებს, მიენიჭებათ შესაბამისი სერტიფიკატი და ფარმაცევტული საწარმოების და სადისტრიბუციო ქსელის ინსპექტირებას განახორციელებენ, რაც წამლის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ინსპექტირება პირველ ეტაპზე ნებაყოფლობითი ხასიათის იქნება, 2022 წლის 1 იანვრიდან კი, სავალდებულო გახდება.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, GMP/GDP-ის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.