ფარმაცევტული კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ 572 მილიონი დოლარით დააჯარიმეს
ოკლაჰომას შტატის სასამართლომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ 572 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მოსამართლე ტედ ბოლქმენმა დაადგინა, რომ კომპანიამ უნდა გადაიხადოს ჯარიმა ისეთი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გაყიდვისთვის, რომლებიც დამოკიდებულებას იწვევს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ თავისი ქმედებებით კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ მოსახლეობის მედიკამენტოზურ დამოკიდებულებას აძლიერებს.
ოკლაჰომას შტატის გენერალურმა პროკურორმა მაიკ ჰანტერმა მანამდე განაცხადა, რომ თავისი ტკივილგამაყუჩებლებით კომპანია ხელს უწყობს ოპიოიდების გავრცელებას და ზოგადად, ნარკოტიკულ კრიზისს ქვეყანაში. ამავე დროს, პროკურორი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ 17 მილიარდი დოლარით დაჯარიმებას ითხოვდა.
ანალოგიური საქმე განიხილებოდა სხვა ფარმაცევტული კომპანიების „პერდიუ ფარმას“ და „ტევას“ წინააღმდეგ. თუმცა, აღნიშნული კომპანიები 270 მილიონი დოლარის და 85 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმების გადახდას დათანხმდნენ, რის შემდეგაც, მათ წინააღმდეგ სასამართლო განხილვა შეწყდა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში 1999-დან 2017 წლამდე ოპიოიდების ჭარბი დოზის მიღება თითქმის 400 ათასი ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება. ოპიოიდების ჭარბი დოზის მიღებით მხოლოდ ოკლაჰომაში 2000 წლიდან ექვსი ათასი ადამიანი გარდაიცვალა.