ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველები საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ფარიკაობაში. კონტინენტის საუკეთესო მოფარიკავეთა წოდებისთვის 49 ქვეყნის 450-მდე სპორტსმენი იბრძვის.
დიუსელდორფში საქართველოს ნაკრები 9 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. დღეს ასპარეზობაში რაპირით მოფარიკავე ვაჟები და ხმლით მოფარიკავე ქალები ჩაებნენ.
ლიკა ჯიჯეიშვილი შეჯიბრს T64-დან გამოეთიშა. ის პოლონელ მარტა პუდასთან 9-15 დამარცხდა. ამავე ეტაპზე წააგო თეოდორა კახიანმა. პოლონელ სილვია მატუშაკთან დაპირისპირება მან მინიმალური სხვაობით 14-15 დათმო. ასევე T64-ში გამართა თავისი ბოლო შეხვედრა დარია ანტონოვამ. უკრაინელმა ალიონა ვორონინამ მას 15-10 სძლია.
პირველ საშეჯიბრო დღეს ყველაზე შორს ლაშა გალუაშვილმა შეძლო გასვლა. ქართველმა რაპირით მოფარიკავემ T32-ში იასპარეზა და ჩეხ ალექსანდერ ჩუპენიტჩთან 14-15 დამარცხდა. ლუკა ღაღანიძე ასპარეზობას T64-დან გამოეთიშა. უკრაინელმა ანდრეი პოგრებნიაკმა მას 15-13 მოუგო.
18 ივნისს ქართველი სპორტსმენები არ იასპარეზებენ. 19-ში ხმლით ფარიკაობაში ქალთა გუნდური შეჯიბრი გაიმართება. ამავე დღეს მედლებისთვის ბრძოლაში ხმლით მოფარიკავე ვაჟები ჩაებმებიან.