ფარერის კუნძულებზე ჩემპიონატი უმაყურებლოდ დაიწყო - თამაშებს მეზობელი სახლებიდან უყურებენ
ფარერის კუნძულების ლიგა მსოფლიოში მეექვსე და ევროპაში მეორეა ბელორუსის, თურქმენეთის, ნიკარაგუას, ტაივანის და სამხრეთ კორეის ჩემპიონატების შემდეგ, სადაც ჩემპიონატის მატჩები იმართება. კუნძულზე სეზონის დაწყებას მარტში გეგმავდნენ, მაგრამ კოროვირუსის პანდემიის გამო, ორი თვით გადადეს.
ქვეყნის მთავარი ლიგის პირველი ტურის მატჩები 9 მაისს დაიწყო. სეზონის პირველ შეხვედრაში, „რუნავიკმა“ თავის მოედანზე „ტბ როინი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ფარერების კუნძულის უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი სამ წრედ თამაშობს, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული „კლაკსვიკია“, რომელიც პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ბ36 ტორსჰავნთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
ფარერის კუნძულის ჩემპიონატი მაყურებლის დიდ ინტერესს ვერ იწვევდა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ახლა თამაშებს სულაც უმაყურებლოდ ატარებენ. ეს დაინტერესებულ ადამიანებს პრობლემას ვერ შეუქმნის, რადგან ფარერის კუნძულებზე მცირე ტევადობის და დაბალი სტადიონებია, შესაბამისად გულშემატკივარს შეუძლია მატჩები ტელევიზორში ან საკუთარი სახლის სხვენზე შემდგარმა იხილოს. თუმცა, როგორც ჩანს, უფასოდ ყურების სურვილიც ბევრს არ გააჩნია.