„დინამო თბილისს“ სამი გოლი პარლამენტარის შვილმა გაუტანა, რომელიც მეცხვარეა და დურგალი
„დინამო თბილისს“ სამი გოლი პარლამენტარის შვილმა გაუტანა, რომელიც მეცხვარეა და დურგალი

ფარერის კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკის“ თავდამსხმელი პალ კლეტსკარი, რომელმაც „დინამო თბილისს“ ევროპის ლიგაზე სამი გოლი გაუტანა, ფეხბურთს გასართობად თამშობს და სულ სხვა პროფესიისაა.

30 წლის თავდამსხმელმა, კლეტსკარმა სტუმართა კარი მე-60, 69-ე და 73 წუთებზე აიღო და ჰეთ-თრიქი შეასრულა. 30 წლის თავდამსხმელი ფარერის კუნძულების ნაკრებში 2013-2018 წლებში თამაშობდა და ეროვნული გუნდის ფორმა 14-ჯერ მოირგო. 2012 წელს ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელებული პალ კლეტსკარის დედა ლუვა კლეტსკარია, რომელიც 2011 წლიდან ფარერის კუნძულების პარლამენტის წევრია.

თუმცა, პარლამენტარის შვილი ფარერის კუნძულების მაცხოვრებლებისთვის ჩვეულებრივი საქმიანობას ეწევა. ვიკიპედიის ცნობით, პალ პლეტსკარი ზოგჯერ მონაწილეობს ფარერის კუნძულების ჩვეულებრივ საქმიანობებში, როგორიცაა მეცხვარეობა და ვეშაპის რეწვა.

2016 წლის ივლისში ფარერის კუნძულების საინფორმაციო პორტალმა Norðlýsið- მა გამოაქვეყნა კლეტსკარის და „კლაკსვიკის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის ფოტოები, რომლებიც ვეშაპებს ჰვანასუნდის ყურეში იჭერდნენ.

შეგახსენებთ, რომ „კლაკსვიკმა“ „დინამო“ სამარცხვინო ანგარიშით, 6:1 დაამარცხა და ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა, ქართული გუნდი ფარერების წარმომადგენელთან ევროსარბიელების ისტორიაში პირველად დამარცხდა და ქართულ ფეხბურთს დიდ დარტყმა მიაყენა.

საინტერესოა, რომ პალ კლეტსკარს 2018 წელს იტალიის რანგით მეხუთე ლიგის „ბრენოში“ იწვევდნენ და „Corriere“-სთან მიცემულ ინტერვიუში 2018 წლის 26 ოქტომბერს ჰყვება, რომ არის დურგალი და ფეხბურთს მხოლოდ სამუშაო დღის ბოლოს თამაშობს.

„მიყვარს მოგზაურობა და ფეხბურთის თამაში. ახლა ამის გაკეთება შემიძლია იტალიაში, სადაც მეხუთე იტალიური სერიაში მიმიწვიეს. ფარერის კუნძულების ლიგაში თითქმის ყველა მოთამაშე მუშაობს ან სწავლობს“,- ამბობდა პალ კლეტსკარი.