ფარერებზე 1:6 წაგება კატასტროფა იყო - არველაძემ „დინამოს“ მწვრთნელის და მოთამაშეების რეაქციას არაადექვატური უწოდა
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ არჩილ არველაძემ ევროთასებზე ქართული გუნდების გამოსვლაზე ილაპარაკა და თბილისის „დინამოს“ გამოსვლას კატასტროფა უწოდა.
„თავს დინამოელად ვთვლი და დღემდე ამ გუნდს ვგულშემატკივრობ. სამწუხაროა, რომ „დინამო“ ასეთ დღეში ჩავარდა. ფარერებზე 1:6 კატასტროფა იყო. ამას ვერაფერი გაამართლებს – ვერც ხელოვნურ საფარზე თამაში და ვერც ტემპერატურაში ცვლილება,“ – ამბობს არჩილ არველაძე.
მან თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი და მოთამაშეები გააკრიტიკა:
„ჩემთვის უცნაური იყო გუნდის მწვრთნელის და მოთამაშეთა არაადექვატური რეაქცია. ასე რომ წაეგო შოთას, ცხადაძეს ან ქეცბაიას, ერთ ამბავს აუტეხავდნენ. ამათ კი ნორმალური კომენტარიც არ გაუკეთებიათ. მათ უნდა იცოდნენ, რომ „დინამო“ საქართველოსთვის ბევრს ნიშნავს და ასეთი წაგება დაუშვებელია“.