ფაქისო მოჩოჩოკო - აგვისტოს ომის გამოძიება თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, რაც საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს
ჰააგის სისხლის სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენელი ფაქისო მოჩოჩოკო აცხადებს, რომ აგვისტოს ომის გამოძიება თავისუფალია პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან, რაც საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს. ამის შესახებ მან პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტობის კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის თემაზე ურთიერთბრალდებები და დაპირისპირებები იქონიებს თუ არა გამოძიების პროცესზე გავლენას ან იქნება თუ არა მასალებზე თანდართული.
მოჩოჩოკოს თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, იგი აგროვებს ინფორმაციას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად.
„ეს არაა პოლიტიკური ინსტიტუტი, ამიტომ, რაც საქართველოში ხდება პოლიტიკურად, ეს მხოლოდ ხალხის საქმეა. ჩვენი გამოძიების პროცესზე არაფერი მოახდენს გავლენას, რადგან გამოძიება ობიექტური უნდა იყოს და მხოლოდ ფაქტებსა და კანონებს ეყრდნობოდეს. პროცესი თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან, რაც შესაძლოა საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს. მტკიცებულებები, რასაც მოვიპოვებთ, იმაზეა გათვლილი, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთოს და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი ან ვინ რას აკეთებდა ომში. ჩვენი საქმე ინდივიდუალურ კრიმინალურ პასუხისმგებლობას ეხება, ამიტომ ვეძებთ ფაქტებსა და მტკიცებულებებს კონკრეტულ ინდივიდებზე, პოლიტიკური განცხადებები არაა რელევანტური ჩვენი მიზნებისთვის“, – აღნიშნა ფაქისო მოჩოჩოკომ.