FAO - ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის შესახებ საქართველოში ფერმერთა ინფორმირებულობა 44 პროცენტით გაიზარდა
FAO - ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის შესახებ საქართველოში ფერმერთა ინფორმირებულობა 44 პროცენტით გაიზარდა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 3687 ფერმერი გამოიკითხა, ფერმერთა 96 პროცენტი ფლობს ინფორმაციას ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის შესახებ.

2017 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც პროგრამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ  52 პროცენტს შეადგენდა, რაც კვლევებს შორის 44 პროცენტიან პოზიტიურ ზრდას აჩვენებს.

გამოკითხვის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია პროგრამის შესახებ თანაბრად აქვთ ქალებსა და მამაკაცებს მთელ ქვეყანაში.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა, რომლის ფარგლებში წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება და ვაქცინაცია ხდება, ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილია და მის დანერგვას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და სურსათის ეროვნული სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ.

კვლევის თანახმად, ქვეყანაში მაღალია იმ ადამიანთა პროცენტული წილი, რომლებმაც ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზნები სწორად დაასახელეს. 35 პროცენტი მიიჩნევს, რომ პროგრამის მთავარი მიზანი, ცხოველების და ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა, აღნიშნული მაჩვენებელი 8 პროცენტითა გაზრდილი. ასევე, თითქმის გასამმაგებულია იმ ფერმერების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პროგრამის პრიორიტეტი ცხოველთა და ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და ასევე, ცხოველური პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებაა. კვლევის თანახმად იკვეთება, რომ დაბალია იმ გამოკითხულთა ოდენობა, რომლებიც პროგრამის მიზნად სოციალური დახმარების მოხსნას (1 პროცენტი) ან სახელმწიფოს მხრიდან დამატებით სხვა სახის გადასახადების დაწესებას მოიაზრებენ (3% პროცენტი).

ორგანიზაციის ინფორმაციით, კითხვამ, რომელიც საოჯახო მეურნეობაში ცხოველთა ფლობასაც ეხებოდა აჩვენა, რომ საშუალოდ, ქართველ ფერმერებს  ოთხი ძროხა, ორი კამეჩი, ორი ღორი, ექვსი თხა და 11 ცხვარი ჰყავთ.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის დანერგვა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დატოვე კომენტარი