„ფაიზერსა“ და „ბიონტექში“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა
„ფაიზერსა“ და „ბიონტექში“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა

„ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ განცხადებით, კვლევებმა აჩვენეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ძლიერ იმუნიტეტს ქმნის და გეგმავენ, მოიპოვონ ნებართვა აშშ-ში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბავშვთა იმუნიზაციის პროცესის დასაწყებად.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კომპანიების განცხადებით, 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის კლინიკურმა გამოცდამ ვირუსზე იმუნიტეტის გამომუშავება აჩვენა მეორე და მესამე ფაზაში, რაც 16-დან 25 წლამდე ასაკის მოზარდებში მიღებულ შედეგებს ემთხვევა.

როგორც მედიაკომპანიებზე დაყრდნობით წერს, კვლევაში 2 200-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა, რომლებსაც, კომპანიების განცხადებით, 12 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის გაკეთებული დოზის ერთ მესამედს უკეთებდნენ, ორი დოზის გამოყენებით. კომპანიების განმარტებით, შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა იყო უსაფრთხო და აჩვენა ანტისხეულების ძლიერი გამანეიტრალებელი რეაქციები.

გარდა ამისა, კომპანიები ვაქცინის გამოცდას 2-დან 5 წლამდე და 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ატარებენ.

კომპანიების განცხადებით, მიღებული მონაცემები აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოში, ასევე, ევროპის წამლის სააგენტოშია გადაგზავნილი და ბავშვებში იმუნიზაციის პროცესის დასაწყებად მათგან ნებართვას ელოდებიან.

მსოფლიოში დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, გაიზარდა ბავშვების დაინფიცირების რაოდენობაც. აშშ-ში პედიატრებთან ვიზიტმა 240 პროცენტით მოიმატა. კომპანიებში აცხადებენ, რომ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის დაშვებამ და იმუნიზაციის დაწყებამ შესაძლოა, შემოდგომაზე ვირუსით ინფიცირების პოტენციური ზრდა შეაჩეროს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

დატოვე კომენტარი