„ფაინენშელ თაიმსი“ – საფრანგეთისა და ლუქსემბურგის მცდელობებმა, სანქციების სიიდან ამოიღონ ორი რუსი ოლიგარქი, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ბრიუსელის მიერ უკრაინის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს
საფრანგეთისა და ლუქსემბურგის მცდელობებმა, დააშანტაჟონ ევროკავშირის სხვა ქვეყნები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიიდან ამოიღონ რუსი ოლიგარქები, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ბრიუსელის მიერ უკრაინის მხარდაჭერის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს, – ამის შესახებ სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“ აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უსმანოვის ფოლადის ქარხნები რუსულ ტანკმწარმოებლებს პროდუქციით ამარაგებდნენ, ხოლო ფრიდმანი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბანკირია. ამჟამად ისინი იმ თითქმის 3000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შორის არიან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ ევროკავშირის სანქციების ქვეშ არიან.
გამოცემამ აღნიშნა, რომ სანქციების გასაგრძელებლად ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა, საფრანგეთმა მოითხოვა უსმანოვის სიიდან ამოღება, რათა ხელი შეეწყო აზერბაიჯანთან საფრანგეთის მოქალაქეების ციხიდან გათავისუფლების შესახებ საიდუმლო გარიგების დადებას.
ლუქსემბურგმა მხარი დაუჭირა ამ პოზიციას და განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმებოდა, თუ ფრიდმანსაც ამოიღებენ სიიდან. გამოცემამ აღნიშნა, რომ რუსმა ბანკირმა ადრე შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი ლუქსემბურგის წინააღმდეგ 15.8 მილიარდი დოლარის მოთხოვნით. გამოცემამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, სანქციები შესაძლოა, დღეს, 22 სექტემბერს, შუაღამისას ამოიწუროს.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, ევროპელმა ელჩებმა შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს. ისინი ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას დღესაც გეგმავენ. რამდენიმე წყაროს ცნობით, ლატვია უარს ამბობს საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ულტიმატუმის მიღებაზე.