„ფაინენშელ თაიმსი“ – გასულ კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა უარი თქვა „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის ასობით დამატებითი რაკეტის მიწოდებაზე

14:18, 05.08.2026

გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დამატებით ასობით რაკეტის მიწოდებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

საკითხთან დაკავშირებული წყაროების ცნობით, ტრამპმა გასულ კვირას, ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან შეხვედრისას უარყო ზელენსკის მოთხოვნა ზამთრამდე „პეტრიოტის“ სისტემებისთვის დამატებით ასობით რაკეტის მიწოდების შესახებ.

წყაროების ცნობით, ტრამპმა ეს აშშ-ის მარაგებში არსებულ დეფიციტს მიაწერა და თქვა, რომ ისინი ახლა საჭიროა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ობიექტებისა და ახლოაღმოსავლეთელი მოკავშირეების დასაცავად ირანთან ომის კონტექსტში.

ამავდროულად, „პეტრიოტისა“ და „ტაადის“ სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პენტაგონის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია უარყო და ჟურნალისტები „ყალბი ამბების გავრცელებაში“ დაადანაშაულა.

„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა ირანის წინააღმდეგ კამპანიის დროს „ტაადის“ რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი და „პერტიოტის“ რაკეტების დაახლოებით 65 პროცენტი დახარჯეს.

მსგავსი