„ფაინენშელ თაიმსი“ - ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა რუსული გაყინული აქტივების საფუძველზე უკრაინისთვის „რეპარაციული სესხის“ გაცემის მხარდაჭერაზე
ევროპის ცენტრალურ ბანკში უარი თქვეს უკრაინისთვის „რეპარაციულ სესხთან“ დაკავშირებით გარანტიების გაცემაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია 140 მილიარდ ევროზე, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივების უზრუნველყოფის საფუძველზე უნდა გაცემულიყო.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა მიმართეს ბანკს თხოვნით, რომ ის ყოფილიყო ბელგიური „ევროქლეარის“ კრედიტორი. სწორედ „ევროქლეარში“ ინახება რუსული გაყინული აქტივების დიდი ნაწილი.
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ევროპის ცენტრალურ ბანკში დაასკვნეს, რომ ევროკომისიის თხოვნა არღვევს მის მანდატს.
ცნობისთვის, რუსული აქტივები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 200 მილიარდი ევროა, დასავლეთის ქვეყნებში 2022 წელს გაყინეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით, 193 მილიარდი დოლარი ბელგიაში ინახება. ამ აქტივების გამოყენების შესახებ დისკუსია ევროპაში, უკვე თითქმის 4 წელია, მიმდინარეობს. ამ საკითხზე მსჯელობა უფრო მეტად გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპაში გაჩნდა „რეპარაციული სესხის“ იდეა.
თუმცა ამის წინააღმდეგ გამოდის ბელგია, სადაც რუსული აქტიეებიდ დიდი ნაწილი ინახება. რუსეთში აქტივების ნებისმიერი სახით კონფისკაციას ეწინააღმდეგებიან და ამ ფულის გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ქურდობას უწოდებენ.