„ფაინენშელ თაიმსი“ - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბრიუსელს მოუწოდეს, არ მისცეს უკრაინას ბლოკში სწრაფად გაწევრიანების არარეალური მოლოდინი
„ფაინენშელ თაიმსი“ - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბრიუსელს მოუწოდეს, არ მისცეს უკრაინას ბლოკში სწრაფად გაწევრიანების არარეალური მოლოდინი

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბრიუსელს მოუწოდეს, არ მისცეს უკრაინას ბლოკში სწრაფად გაწევრიანების არარეალური მოლოდინი უკრაინის სამიტის წინ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირაში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს უმასპინძლებს, სადაც მოსალოდნელია, რომ ის მოითხოვს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად და სამხედრო დანაშაულებისთვის რუსების დევნის იურიდიული მექანიზმის ამოქმედებას.

გამოცემის თანახმად, ევროკავშირის დედაქალაქების მაღალი რანგის დიპლომატები შეშფოთებულნი არიან, რომ უკრაინის არარეალიზებული მოლოდინები, მათ შორის 2026 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება, წახალისდა ბრიუსელის უმაღლესი ოფიციალური პირების მიერ.

„არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ სურს ისტორიის არასწორ მხარეს ყოფნა. არავის სურს, დაადანაშაულონ იმაში, რომ საკმარისი არ გააკეთა. ასე რომ, ისინი ეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია“, – განუცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა „ფაინენშელ თაიმსს“.

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი გზა არ იქნება. არსებობს რისკი, რომ რიტორიკა რეალობას შეეჯახოს“, – განაცხადა კიდევ ერთმა დიპლომატმა გამოცემასთან საუბრისას.