„ფაინენშელ თაიმსი“ – დასავლურმა სადაზვერვო სააგენტოებმა ევროპის თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ რუსეთი აძლიერებს მათი მოკვლის მცდელობებს

13:38, 11.10.2026

დასავლურმა სადაზვერვო სააგენტოებმა ევროპის თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ რუსეთი აძლიერებს მათი მოკვლის მცდელობებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, უკრაინის ფრონტზე წინსვლის შეფერხებისა და რუსეთის ეკონომიკაში არსებული სირთულეების ფონზე კრემლმა ევროპაში დივერსიული და „ჰიბრიდული“ ოპერაციების გაფართოების ბრძანება გასცა; ამ ნაბიჯით ის მიზნად ისახავს, მომდევნო თვეებში შეასუსტოს კიევისადმი მხარდაჭერა.

გამოცემის მიხედვით, ევროპული სადაზვერვო სამსახურების განცხადებით, ევროპაში სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობები, რაც ადრე ტაბუდ მიიჩნეოდა რუსეთის სპეცსამსახურების მრიდანაც კი, ამ გეგმების სულ უფრო მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

„ფაინენშელ თაიმსი“ ხუთი სხვადასხვა ევროპული სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელს ესაუბრა; მათ თქვეს, რომ კრემლის აგენტები თავდაცვის სფეროს კომპანიების ხელმძღვანელებსა და სხვა მაღალი რანგის თანამშრომლებს მიზანში იღებენ. წყაროების თქმით, საფრთხის ქვეშ არიან მცირე კომპანიების ხელმძღვანელებიც, განსაკუთრებით ისინი, ვინც დრონებისა და მათი კომპონენტების წარმოებაშია ჩართული.

„ევროპაში საფრთხის დონე გაიზარდა, როგორც ქონების, ისე ადამიანების მიმართ“, – განაცხადა ევროპული სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანმა.

გერმანიის შიდა უსაფრთხოების სამსახურის (BfV) წარმომადგენლის თქმით, უწყებამ მნიშვნელოვნად გაააქტიურა კომუნიკაცია გერმანული თავდაცვითი კომპანიების „თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობასთან“ და, მათ შორის, რეკომენდაცია გასცა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კერძო დაცვის ჯგუფები დაიქირაონ.

„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ ასეთი ოპერაციების, რომლებსაც რუსული დაზვერვის ჟარგონით „სველ საქმეს“ (wet work) უწოდებენ, განხორციელებაზე პასუხისმგებლობა დიდწილად რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურს ეკისრება.

დაზვერვის წყაროების ცნობით, უწყება საკუთარ მეთოდებს ცვლის და ადაპტირებას ახდენს.

„რუსული დაზვერვის ოფიცრები უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრებთან და იყენებენ საზღვრისპირა აგენტურულ ქსელებს; ამასთან, სადაზვერვო საქმიანობას, ლოგისტიკას, დაგეგმვასა და უშუალო შესრულებას სხვადასხვა ჯგუფსა თუ ინდივიდს შორის ანაწილებენ, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ გადაბირებულ, ერთჯერადი გამოყენების აგენტებს დაეყრდნონ“, – აღნიშნულია სტატიაში.

უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ რუსული სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ისაა, რომ სასურველი ეფექტის მისაღწევად მკვლელობის მცდელობების განხორციელება აუცილებელიც კი არ არის.

„რუსეთის პერსპექტივიდან, მთავარი მიზანი კვლავ ფსიქოლოგიური ხასიათისაა. საკმარისია ადამიანებს გაუჩნდეთ განცდა, რომ შესაძლოა, სამიზნე აღმოჩნდნენ, ეს უკვე აღწევს მიზანს. მათ სურთ, რომ ინდივიდებმა კარგად აწონ-დაწონონ ყველაფერი, ვიდრე უკრაინასთან საქმიან ურთიერთობას დაიწყებენ“, – განაცხადა დაზვერვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

მსგავსი