„ფაინენშელ თაიმსი“ - დასავლეთში თურქეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების მიღებას არ გამორიცხავენ, თუ თურქეთი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, დასავლეთში თურქეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების მიღებას არ გამორიცხავენ, თუ თურქეთი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება. როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, დასავლეთის დედაქალაქებში შეშფოთებულები არიან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის კავშირების დაახლოების გამო.
ექვსმა ოფიციალურმა პირმა „ფაინენშელ თაიმსს“ განუცხადა, რომ მათ აღელვებთ თურქეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ დადებული პირობა.
ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია თურქეთის და რუსეთის ურთიერთობებს ყურადღებით ადევნებს თვალს. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოუწოდონ საკუთარ კომპანიებსა და ბანკებს, დატოვონ თურქეთის ბაზარი.
ამასთან, ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებს, რომ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების მიღებაზე ჯერ მსჯელობა ოფიციალურად ჯერ არ გამართულა.
თურქეთის წინააღმდეგ ზომების მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა დოკუმენტი, რომლშიც აღწერილია ის გზები, რომელთა საშუალებითაც თურქულ ბანკებს შეუძლიათ, რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში გაუწიონ დახმარება.
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, გასულ კვირას ერდოღანისა და პუტინის მიერ სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ თურქეთი დათანხმდა, რუსული ბუნებრივი აირის საფასური რუბლებში გადაიხადოს. ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს საბანკო სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა. ერდოღანის თქმით, მსჯელობა შეეხებოდა რუსული საკრედიტო ბარათის, „მირის“ გამოყენების შესაძლებლობას. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსი ტურისტები ამ ბარათის დახმარებით შეძლებენ თურქეთში დასვენების დროს გადახდას.