„ფაინენშალ თაიმსი“ – ტრამპს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა იანვრამდე სურს

21:40, 20.11.2026

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 2027 წლის იანვრის დასაწყისამდე სურს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ეს განზრახვა ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს უკვე გააცნო. მიზანია შეთანხმების მიღწევა მანამდე, ვიდრე აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს დემოკრატიული პარტია გადაიბარებს.

ცნობისთვის, ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობა დაკარგეს. მოსალოდნელია, რომ ახალი კონგრესი უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვს.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ამერიკული მხარის მიერ მოლაპარაკებების დაჩქარება ევროპასა და უკრაინაში შეშფოთებას იწვევს. ერთ-ერთი ევროპელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ შეთანხმების სწრაფად მისაღწევად შესაძლოა, უკრაინას მნიშვნელოვანი დათმობების გაკეთება მოუწიოს.

გამოცემასთან საუბრისას კიდევ ერთი ევროპელი ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონისგან განსხვავებით, მოსკოვი არ ჩქარობს.

სტატიის მიხედვით, რუსეთი კვლავ მოითხოვს უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმასა და შეიარაღებული ძალების შეზღუდვას. ამასთან, ამერიკული მხარე განიხილავს უკრაინისთვის ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას. ჯარედ კუშნერის განცხადებით, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ მოსკოვთან ამ საკითხზე გარკვეული პროგრესია მიღწეული. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-სთან კვაზიინტეგრაციაც კი მოსკოვისთვის მიუღებელია.

„ფაინენშალ თაიმსის“ თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, უკრაინის ტერიტორიული საკითხები და ევროპის უსაფრთხოების მომავალი მოწყობა ერთდროულად განიხილოს. ევროპული ქვეყნები კი მოითხოვენ, რომ ფართო უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს წინ ცეცხლის შეწყვეტა უძღოდეს.

მსგავსი