„ფაინენშალ თაიმსი“ - პეკინში შეხვედრისას სი ძინპინმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა „ინანოს“
პეკინში გამართული შეხვედრის დროს სი ძინპინმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, შესაძლოა, „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, განცხადება ფართო მოლაპარაკებების დროს გაკეთდა, სადაც უკრაინის ომიც განიხილებოდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სი ძინპინის ეს კომენტარი უფრო მკაცრი ჩანდა, ვიდრე მისი წინა განცხადებები.
ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ადრე სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრებსაც ესწრებოდა, განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთისა და უკრაინის საკითხზე „პირდაპირ და გულახდილ“ საუბრებს მართავდა, თუმცა მანამდე პირადად ვლადიმერ პუტინის ან ომის შესახებ საკუთარი დამოკიდებულება ასე მკაფიოდ არ გამოუხატავს.
ამასთან, წყაროების ინფორმაციით, სი ძინპინთან შეხვედრის დროს ტრამპმა შესთავაზა აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს ძალების გაერთიანება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამ საკითხში სამ ქვეყანას საერთო ინტერესები აქვთ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში 14-15 მაისს იმყოფებოდა, ხოლო დღეს პეკინში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავა.