„ფაინენშალ თაიმსი“ - ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული აირის რეკორდული რაოდენობის იმპორტს ახორციელებს
„ფაინენშალ თაიმსი“ - ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული აირის რეკორდული რაოდენობის იმპორტს ახორციელებს

ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული აირის რეკორდული რაოდენობის იმპორტს ახორციელებს. ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. მედიასაშუალების ცნობით, წელს ევროკავშირი რუსეთისგან გათხევადებული ბუნებრივი აირის რეკორდულ მოცულობას შეიძენს, იმის მიუხედავად, რომ ბლოკი მიისწრაფვის 2027 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმისკენ.

როგორც გამოცემა წერს, არასამთავრობო ორგანიზაციის, Global Witness-ის მიერ დარგის მონაცემების ანალიზის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ბელგია და ესპანეთი რუსული გათხევადებული აირის რიგით მეორე და მესამე უმსხვილესი იმპორტიორები იყვნენ, ჩინეთის შემდეგ.

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ზოგადად, ევროკავშირის მიერ გათხევადებული აირის იმპორტი მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე 40%-ით არის გაზრდილი 2021 წლის ამავე პერიოდთან, ანუ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციამდე პერიოდთან შედარებით. გამოცემის ცნობით, მკვეთრი ზრდა განპირობებულია იმით, რომ ევროკავშირი ომამდე არ ყიდულობდა გათხევადებული აირის დიდ რაოდენობას, ვინაიდან დამოკიდებული იყო რუსეთიდან მილსადენებით მიწოდებულ ბუნებრივ აირზე.

„შოკის მომგვრელია, რომ ქვეყნები ევროკავშირში მუშაობდნენ ამდენს, რათა უარი ეთქვათ მილსადენით მიწოდებულ რუსულ გაზზე მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაენაცვლებინათ ის ტრანსპორტირებულით. არ აქვს მნიშვნელობა, მიიღებ მას მილსადენით თუ ხომალდით – ეს მაინც ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები მილიარდებს აგზავნიან პუტინის ომის სკივრში“, – განაცხადა Global Witness წარმომადგენელმა, ჯონათან ნორონია-განტმა.