Facebook-მა გაცნობის აპლიკაციის დატესტვა დაიწყო
Facebook-მა გაცნობის აპლიკაციის დატესტვა დაიწყო

კომპანია Facebook-მა გაცნობის აპლიკაციის დატესტვა დაიწყო. ჯერჯერობით პროგრამის გამოყენება მხოლოდ სოციალური ქსელის თანამშრომლებს შეუძლიათ. ახალი ტიპის გაცნობის აპლიკაციის ჩაშვება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ახალი მედიის მკვლევარმა ჯეინ ვონგმა დაანონსა და ტექსტურ მასალას ფოტოებიც დაურთო.

აპლიკაციის ტესტირების რეჟიმში მხოლოდ Facebook-ის თანამშრომლები მონაწილეობენ, რადგან პირველ ეტაპზე კომპანიას სურს ე.წ. ბაგები აღმოაჩინოს და მომხმარებლამდე სრულყოფილი ვერსია მიიტანოს.

​სქრინებზე, რომელიც ჯეინ ვონგმა გამოაქვეყნა, აპლიკაციის ინტერფეისის და მისი ძირითადი ფუნქციონალის წაკითხვა შეიძლება. გაცნობის აპლიკაციის გამოყენება “ფეისბუქის” მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლის გარეშე, მარტივი სინქრონიზაციით შეეძლებათ. ამ ეტაპის შემდეგ იმ ძირითად ფუნქციებს ირჩევენ, რომლის მიხედვითაც პარტნიორის პოვნა არის შესაძლებელი: ადგილმდებარეობა, სქესი, ასაკი, ინტერესები და ა.შ.

​ასევე, შესაძლებელია გაცნობის სერვისის გამოყენებისათვის ახალი პროფილის შექმნაც.

როგორც გამოცემა The Verge წერს, ფეისბუქმა საკუთარ თანამშრომლებს სთხოვა, აპლიკაციის დასატესტად “ფეიკ ექაუნთები” შეექმნათ. გაცნობის სერვისის წარმატებით დატესტვის შემდეგ, კომპანია თანამშრომლების მონაცემებს წაშლის და პროგრამას ოფიციალურად ჩაუშვებს.

​ფაქტი რომ ფეისბუქმა გაცნობის სერვისი შიდა მომხმარებისათვის დასატესტად ჩაუშვა, არ ნიშნავს იმას, რომ აპლიკაცია დღის სინათლეს მალევე იხილავს. ხშირად, აპლიკაციის ტესტირების შემდეგ, პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში არ ეშვება. თუმცა ეს ტესტირების შედეგებზეა დამოკიდებული.

პირველად ფეისბუქმა გაცნობის სერვისის შექმნა, ორი თვის წინ, დეველოპერების კონფერენცია F8-ზე დაანონსა.