ლეგენდარულ იტალიელ მწვრთნელს, ფაბიო კაპელოს მიაჩნია, რომ იტალიურ ფეხბურთში არსებობს ესპანელი სპეციალისტის, ხოსეპ გვარდიოლას იდეების ტოტალური კოპირება, რამაც სერია A საერთაშორისო არენაზე მეორე პლანზე გადაიყვანა.
როგორც კაპელომ განაცხადა, ადრე იტალიური კლუბები დომინირებდნენ პრესინგისა და ვერტიკალური ფეხბურთის ხარჯზე, გვარდიოლას მობაძვით კი ადგილობრივი ფეხბურთი 10 წლით ჩამორჩა, გუნდები დღეს უფრო ნელ ტემპში თამაშობენ, ბურთის ფლობას კი შედეგი არ მოაქვს.
„ადრე იტალიური კლუბები დომინირებდნენ ევროპულ ფეხბურთში პრესინგისა და ვერტიკალური ფეხბურთის გამოყენებით. შემდეგ კი ყველამ დაიწყო გვარდიოლას კოპირება, მაგრამ ჩვენ 10 წლით დავაგვიანეთ და შედეგიც სახეზეა. სხვებზე ნელები ვართ, ხოლო ჩვენი ბურთის ფლობა ხშირ შემთხვევაში არაფრის მომტანია. ბურთი ნელა მოძრაობს და ხშირად გვაკლია კონკრეტიკა.
ამ გზამ ევრო 2024-ზე არსად მიგვიყვანა და ზიანი მოაქვს ჩვენთვის ევროპულ არენაზე. ესპანეთმა პირველ ადგილზე დააყენა ნებისმიერ ფასად ბურთის ფლობა და უფრო ვერტიკალური თამაში. გვარდიოლას „სიტის“ ბურთი უჭირავს, მაგრამ ამას მეტოქის ნახევარზე აკეთებს და არა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს, რასაც ვხედავთ კიდეც სერია A-ში“, – განაცხადა კაპელომ La Gazzetta della Sport-თან ინტერვიუში.