ჯგუფმა „ირიაომ“ ევროვიზიის „ალტის არენას“ სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა [ფოტო, ვიდეო]

ევროვიზია 2018-ის ქართველმა მონაწილეებმა, ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრებმა ლისაბონში, „ალტის არენას“ სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს.

„ირიაოს“ მიერ შესრულებულ სიმღერას „შენი გულისთვის“ დადებითი შეფასებები და ბუკმეიკერების დიდი მოწონება მოჰყვა.

„ალტის არენას“ სცენაზე მეორე ნახევარფინალში 18 კონკურსანტი მონაწილეობს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.

როგორც ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, 2013 წლიდან ბენდმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე დიდი მოწონებით სარგებლობს.

„ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ თანამედროვე ჯაზის დახვეწილი კომპოზიცია „შენი გულისთვის“ რეპეტიციების მეოთხე დღის იდეალური რომანტიკული სტარტი იყო. ჯგუფი „ირიაო“ 2013 წელს თბილისში დაარსდა. ბენდის სახელწოდება ეროვნული კრიმანჭულის ტექსტიდან „ირიაო-ურუაოდან“ იღებს სათავეს. ჯგუფის რეპერტუარი ქართულ პოლიფონიურ მუსიკასა და ჰარმონიას წარმოადგენს, რომელიც განსაკუთრებით მომხიბლავია თანამედროვე ჯაზთან კომბინაციაში. 2013 წლიდან ბენდმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე დიდი მოწონებით სარგებლობს“, – წერია ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე.

„ალტის არენაზე“ ჩატარებული პირველი რეპეტიციის შემდეგ, „ირიაოს“ წევრებმა ჟურნალისტების შეკითხვებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხეს. დარბაზში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული ჟურნალისტი იმყოფებოდა.

ქართველი კონკურსანტები რეპეტიციას 5 მაისსაც გაივლიან. 10 მაისს კი „ირიაო“ მაყურებლის წინაშე მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს.

წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს.

ჯგუფი „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.