ევროთასების მონაწილე ქართულმა კლუბებმა უეფა-ს ლიცენზიები მიიღეს #1TVSPORT
უეფა-ს საკლუბო ლიცენზია ევროტურნირებზე სპორტული შედეგით გასულმა ყველა ქართულმა კლუბმა მოიპოვა – კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
2025/2026 წლების სეზონის ლიცენზირების პროცესში უეფა-ს ლიცენზიის მაძიებლად განიხილებოდა 2024 წლის სეზონის ეროვნული ლიგის ათი და ქალთა ეროვნული ლიგის საუკეთესო ოთხი კლუბი.
კლუბების ლიცენზირების კომიტეტის 2025 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, უეფა-ს საკლუბო ლიცენზია ექვსმა კლუბმა მიიღო: თბილისის „იბერიამ“, ქუთაისის „ტორპედომ“, გორის „დილამ“, წყალტუბოს „სამგურალმა“, „დინამო თბილისმა“ და „სამტრედიამ“.
ლიცენზირების პროცესი ასევე წარმატებით გაიარა საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელმა „სპაერმა“.
უეფა-ს ქალთა საკლუბო ლიცენზია ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ მიიღო.
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, 2025/2026 წლების უეფა-ს ლიცენზირების პროცესი დასრულებულია და ზემოხსენებული გადაწყვეტილებები საბოლოოა.